სოფელ დეხვირის საუკუნენახევრიანი საჯარო სკოლა წლებია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების განვითარებაზე მუშაობს. სკოლაში უკვე აღდგენილია ქართული ხორბლის ავთენტური სახეობები:მახა, ზანდური, გვაწა და აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო საქმიანობა ბოსტნეულისა და ვაზის მიმართულებით.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით სკოლაში მოეწყობა სასწავლო სანერგე-სათბური, რომელიც ცოცხალ საგანმანათლებლო ლაბორატორიად და თემთან თანამშრომლობის სივრცედ იქცევა. მოსწავლეები თავად დაგეგმავენ თესვის კალენდარს, შეისწავლიან ნიადაგს, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს და გააანალიზებენ შედეგებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას აგრარულ და გარემოსდაცვით მიმართულებებში, განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის გამოცდილება. ისინი შეისწავლიან ნიადაგს, მცენარეთა მოვლას, ნერგების გამოყვანას, მოსავლის აღებას და ექსპერიმენტების ანალიზს.
პროექტი – „თესლიდან ისტორიამდე“, თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, ერთ მცენარეს გაუძღვეს სრულ ციკლში – შექმნას საკუთარი დღიური ჩანაწერებით, ნახატებითა და ფოტოებით, რაც სწავლას შემოქმედებით და პერსონალურად მნიშვნელოვანს გახდის.
სანერგე-სათბური გახდება სივრცე, სადაც ბავშვები ისწავლიან არა მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობას, არამედ მეწარმეობრივ აზროვნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას და საკუთარი შრომის შედეგის დაფასებას.
ეს პროექტი ჩამოაყალიბებს თაობას, რომელსაც ეცოდინება როგორ შექმნას, იზრუნოს და განავითაროს საკუთარი სკოლა, სოფელი და მომავალი.