გაეცანი 2025 წლის სასკოლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სკოლის პროექტს – სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
STEAM ლაბორატორიის იდეა სკოლაში გამართულ ტექ-შეხვედრაზე ჩამოყალიბდა, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები მოსწავლეებს ინოვაციებისა და რობოტიკის ვორქშოპს უტარებდნენ. სწორედ ამ შეხვედრებმა წარმოაჩინა, რომ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე ტექნოლოგიების ელჩები არიან, აქვთ ძლიერი მოტივაცია და მზაობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან და საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოების სასარგებლოდ გამოიყენონ.
STEAM ლაბორატორიით იქმნება საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები კურსდამთავრებულ მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციურ პროექტებზე. ლაბორატორიაში ისინი ააწყობენ Arduino-ს ელექტრონულ სისტემებს, დატესტავენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს, შექმნიან სენსორებზე დაფუძნებულ მონიტორინგის მოდულებს და გამოიყენებენ დრონებს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვებისთვის. პარალელურად განხორციელდება პრაქტიკული კვლევები მასალების თვისებების, ენერგიის გადაცემისა და ბიოლოგიური პროცესების მიმართულებით, სკოლის ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიების გამოყენებით.
STEAM ლაბორატორია მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას გაიარონ ინოვაციური მუშაობის სრული ციკლი – იდეის ფორმირებიდან პროტოტიპირებამდე, ტესტირებიდან გაუმჯობესებამდე. შედეგად, ისინი მოემზადებიან სამეცნიერო და ტექნოლოგიური იდეათონებისთვის, ჰაკათონებისა და ოლიმპიადებისთვის, შექმნიან რეალურ პრობლემებზე ორიენტირებულ სასკოლო სტარტაპებს და გააძლიერებენ ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის