თამაზ ბექაიას ფონდის წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლას ეწვია

თამაზ ბექაიას ფონდის წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლას ვეწვიეთ, რათა ადგილზე გვენახა, როგორ განხორციელდა გასული წლის სოფლის საჯარო სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი და როგორ იქცა მიღებული მხარდაჭერა მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობად.
სკოლაში 28 მოსწავლე სწავლობს. აქ წლებია აქტიურად ფუნქციონირებს სპორტული სექციები – მათ შორის ჭიდაობის, სადაც სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭები ვარჯიშობენ, მონაწილეობენ სასკოლო, რაიონულ და რეგიონულ შეჯიბრებებში და სპორტის საშუალებით სწავლობენ დისციპლინას, შრომასა და ურთიერთმხარდაჭერას.
მოსწავლეების მონდომებას შესაბამისი რესურსები სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტი მთლიანი სპორტული დარბაზის ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა. ფონდის მხარდაჭერით სკოლამ განაახლა და სრულად აღჭურვა სპორტული სივრცე, რათა მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტული აქტივობით დაკავების, ფიზიკური და ტექნიკური უნარების განვითარებისა და შეჯიბრებებისთვის მომზადების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლების საჭიროებების მხარდაჭერა, არამედ იმის ნახვაც, თუ როგორ ხორციელდება გამარჯვებული პროექტები და რა შესაძლებლობებს ქმნის ისინი მოსწავლეებისთვის.
ხელედის საჯარო სკოლაში ვიზიტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ როდესაც მხარდაჭერა რეალურ საჭიროებას პასუხობს, ის მოსწავლეების განვითარებისა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის საფუძველი ხდება.