თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლას ეწვივნენ – სკოლას, რომელიც 1873 წელს დაარსდა და დღეს სულ რაღაც 18 მოსწავლეს აერთიანებს.
დეხვირის საჯარო სკოლა წლებია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების განვითარებაზე მუშაობს. სკოლაში აღდგენილია ქართული ხორბლის ავთენტური სახეობები – მახა, ზანდური და გვაწა; ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო საქმიანობა ბოსტნეულისა და ვაზის მიმართულებით.
სწორედ ამ გამოცდილების გასაღრმავებლად შეიმუშავა სკოლამ პროექტი „თესლიდან ისტორიამდე“, რომელიც თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული გახდა.
ფონდის მხარდაჭერით სკოლაში მოეწყობა სასწავლო სანერგე-სათბური – სივრცე, რომელიც ცოცხალ საგანმანათლებლო ლაბორატორიად და თანამშრომლობის ადგილად იქცევა. მოსწავლეები თავად დაგეგმავენ თესვის კალენდარს, შეისწავლიან ნიადაგსა და მცენარეთა მოვლას, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს და გააანალიზებენ მიღებულ შედეგებს.
პროექტის განსაკუთრებული ნაწილია თითოეული მოსწავლის მიერ ერთი მცენარის სრული ციკლის წარმართვა – თესვიდან მოსავლის აღებამდე. პროცესს ისინი საკუთარ დღიურში აღწერენ ჩანაწერებით, ნახატებითა და ფოტოებით, რაც სასწავლო გამოცდილებას უფრო პირადსა და შემოქმედებითს გახდის.
სანერგე-სათბური მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, აგრარული და გარემოსდაცვითი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, განივითარონ გუნდური მუშაობისა და მეწარმეობრივი აზროვნების უნარები და საკუთარი შრომის შედეგი დაინახონ.
დეხვირის საჯარო სკოლის პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა დაეფუძნოს სკოლის რეალურ საჭიროებებსა და უკვე არსებულ მონდომებას. გვიხარია, რომ ფონდის დახმარებით მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ცოდნა გამოცდილებად აქციონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სკოლისა და გარემოს განვითარებაში.



