შრომა რომელიც შედეგად იქცევა – ლიზ რიგალ კუკავას ისტორია

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სამგზის სტიპენდიატი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლიზ რიგალ-კუკავამ, საკუთარი პროფესიული და შემოქმედებითი გზის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია – პირველი პერსონალური გამოფენის სახით.
„გადამკვეთი სივრცეები“ – ლიზ რიგალის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც ტექსტილის მუზეუმში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები იკვლევდა ინტუიციას, როგორც პირველადი ინფორმაციის წყაროს და იმ გზებს, რომლითაც კულტურას შეუძლია საზოგადოებაში გრძელვადიანი ცვლილებების გამოწვევა.
პირველი პერსონალური გამოფენა ლიზ რიგალისთვის მხოლოდ პროფესიული მიღწევა არ აღმოჩნდა – ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, შედეგამდე მიდის მაშინ, როდესაც შრომას რწმენა და მხარდაჭერა ახლავს.
როგორც თავად ამბობს, ამ რწმენის შენარჩუნებაში მისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ მხარდაჭერამ, რომელიც თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისგან მიიღო.
დღეს ლიზ რიგალი საკუთარი სახელოვნებო მიმართულების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, იკვლევს საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის უფრო ეფექტურად გაცნობის გზებს და პარალელურად წიგნზე მუშაობს, რომელიც მის შემოქმედებაში გამოკვეთილ ფილოსოფიურ თემებს დაეფუძნება.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისთვის განსაკუთრებით საამაყოა ლიზ რიგალის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გვიხარია, რომ მისი შრომისა და განვითარების გზის ერთ-ერთი ეტაპის მომსწრენი და მხარდამჭერები ვართ. ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ წარმატებას, ახალ შესაძლებლობასა და ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც მის სათქმელს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანს.