სოფლის საჯარო სკოლების, რიგით მე-4 საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია!

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებული სოფლის საჯარო სკოლების, რიგით მე-4 საგრანტო კონკურსი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით (ჟიურის წევრები: ნათია უჩავა – 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი;დავით ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი; გოგა ჩანადირი – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი; ლევან ბექაია – თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი.) გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომელთაგანაც ორი სკოლა არის მაღალმთიანი სტატუსის მქონე:

🟢 სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა (მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლა)
პროექტის მიზანია, მოეწყოს სასწავლო სანერგე-სათბური, რომელიც იქცევა ცოცხალ საგანმანათლებლო ლაბორატორიად ,თემთან თანამშრომლობის სივრცედ. მოსწავლეები დაგეგმავენ თესვის კალენდარს, შეისწავლიან ნიადაგს, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, შედეგებს გააანალიზებენ. ზაფხულობით ჩამოსული ბავშვებისთვის ჩატარდება მასტერკლასები, სხვა სკოლების მოსწავლეები ჩაერთვებიან ერთდღიან „მწვანე ექსპედიციებში“, შექმნიან ფოტოდოკუმენტაციას, მოაწყობენ გამოფენას „ჩვენი მწვანე ისტორია“.

🟢 სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლა (მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლა)
მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობისა და განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი სპორტული ინვენტარი, როგორიცაა ჭიდაობის ხალიჩები, დამცავი აღჭურვილობა, სპეციფიკური ვარჯიშის დამხმარე მოწყობილობები და სხვა საჭირო მასალა. პროექტის მიზანია, სპორტული ინვეტარის შეძენით, მოსწავლეთა სპორტული აქტივობების მხარდაჭერა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

🟢 სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
პროექტი მიზნად ისახავს STEAM მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, მათთვის კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. მოსწავლეები შეძლებენ მოემზადონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური იდეათონების, ჰაკათონებისა და ოლიმპიადებისთვის. შექმნილი ლაბორატორია იქნება სივრცე, სადაც მოსწავლეები კურსდამთავრებულ მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციურ პროექტებზე: ააწყობენ Arduino-ს ელექტრონულ სისტემებს, დატესტავენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს, შექმნიან სენსორებზე დაფუძნებულ მანიტორინგის მოდულებს და გამოიყენებენ დრონებს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვებისთვის.

თითოეულ გამარჯვებულ სკოლას, ფონდისგან გადაეცემა რვა ათასი ლარი, რომელსაც პროექტში წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

უდიდესი მადლობა თითოეული სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს ჩართულობისთვის.