სოფლის საჯარო სკოლების რიგით მე-4 საგრანტო კონკურსი დაიწყო!

თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდი სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მე-4 საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ითვალისწინებს სკოლების მიერ წარდგენილი 3 პროექტის დაფინანსებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული ხასიათის და მიზნად უნდა ისახავდეს სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას.

თითოეულ გამარჯვებულ სკოლას ფონდისგან გრანტის სახით 8 ათასი ლარი გადაეცემა.

კონკურსი ორეტაპიანია.

პირველი ეტაპი 1-ლ ოქტომბერს იწყება და პროექტები მიიღება 1-ლ ნოემბერს სრულდება. 1-ლ დეკემბერს ჟიური 20 კანდიდატს გამოავლენს და დაიწყება მეორე ეტაპი, შერჩეულმა სკოლებმა კი 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ პროექტის ორასიტყვიანი აღწერა ხარჯთაღრიცხვით. 25 დეკემბერს კი 3 გამარჯვებული სკოლა დასახელდება. გრანტები გაიცემა მეორე სემესტრის დაწყებამდე.

პროექტის შედგენაში სასწავლო ნაწილთან ერთად აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები. ასევე, პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს დირექტორთან, რათა მის განხორციელებას წინააღმდეგობა არ შეხვდეს.

თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა, წარმოდგენილ პროექტს ჟიური არ განიხილავს.

ასევე, გამარჯვებული სკოლებიდან მინიმუმ ერთი აუცილებლად უნდა იყოს მთის სოფლის სტატუსის მქონე საჯარო სკოლა.

ჟიურის შემადგენლობა:

–             ნათია უჩავა – 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი;

–             დავით ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი;

–             ლევან ბექაია – თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი;

–             გოგა ჩანადირი – ფონდის პროექტების ხელმძღვანელი.

 

სკოლას შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი, ამისათვის კი განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული:

https://forms.gle/X3FaLhh2x27gnDCHA

საგრანტო კონკურსის მიზანია სოფლის საჯარო სკოლებში როგორც სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, ასევე მოსწავლეებში სკოლის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა და პროექტების წერისა და წარდგინებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ჩამოყალიბება.