14 იანვარს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.

მოგეხსენებათ, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მთისმცოდნე ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადების თვალსაზრისით დაფუძნდა. ფონდი კი, მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი ხელშემწყობი და წამახალისებელი მიდგომების შემუშავებას.

გარდა აღნიშნული ფაკულტეტისა, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაფინანსებით სარგებლობენ ამავე უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის – სამშენებლო; არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი; აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი – უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.

ამ ეტაპზე, ფონდს აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად 21 სტიპენდიანტი და 4 პრემიის ლაურეატი ყავს გამოვლენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *