2024 წლის 1-ელ ოქტომბერს, გამოცხადდა სოფლის საჯარო სკოლების რიგით მესამე საგრანტო კონკურსი, რომელიც თამაზ ბექაიას საგანამათლებლო ფონდის მიერ ტარდება.

პროექტის მიზანი წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში იყო ერთი – სასწავლო პროცესის ხელშეწყობა-გაუმჯობესება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები.

პროექტი კვლავ სამ ეტაპად  ჩატარდა 👇

◾ პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეებს უნდა წარედგინათ 100 სიტყვისგან შემდგარი პროექტი.

◾ მეორე ეტაპზე გადასულ სკოლებს უნდა წარედგინათ 200 სიტყვიანი პროექტი ხარჯთაღრიცხვით.

 

◾მესამე ეტაპზე  კი ტრადიციისამებრ გამოვლინდა გამარჯვებული სკოლები.

პირველი ეტაპი 1-ელ ნოემბერს დასრულდა, მიღებულ იქნა 350 განაცხადი, რომელიც განიხილა ჟიურის წევრებმა და გამოავლინა მეორე ეტაპზე გადასული 20 სკოლა.

◾მინდია უგრეხელიძე, ქართველი სამართალმცოდნე, აკადემიკოსი.

◾ნინო ფსუტური, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული.

◾გოგა ჩანადირი, თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი.

ხოლო, მეორე ეტაპზე ჟიურის შემოუერთდა:

◾ლევან ბექაია, თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი.

 

მეორე ეტაპზე გადასული 20 სკოლიდან, ჟიურიმ ობიექტურად გამოავლინა სამი გამარჯვებული სკოლა, რომელთაგანაც ორი სკოლა არის მაღალმთიანი სტატუსის მქონე:

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლა

 

პროექტის მიზანია, შეიქმნას ინკლუზიური, ინტერაქციული სივრცე, რომელიც დაეხმარება არაქართულენოვან მოსწავლეებს: ქართული ენის უკეთ შესწავლაში პრაქტიკული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სამოქალაქო განათლების გააზრებაში და მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარებაში და სოციალური ბარიერების გადალახვაში, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ჩართულობას ქართულ საზოგადოებაში.

 

სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა (მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლა)

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა შეისწავლონ სოფლის ისტორია და უძველესი ადათ – წესები, მასწავლებელთან ერთად ააღორძინონ უძველესი ტრადიციები და ეთნო კუთხის მოწყობით შექმნან ტურისტებისათვის საინტერესო ლეჩხუმური გარემო. ამისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ვადების დაცვით დაითესება უძველესი ქართული ჯიშის ხორბალი:  ,,მახა’’ და ,,ზანდური‘’

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა (მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლა)

პროექტი მიზნად ისახავს STEM მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, მათთვის კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. სკოლაში ჩამოყალიბდება STEM კლუბი რისთვისაც სკოლას სჭირდება თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა.

თითოეულ გამარჯვებულ სკოლას, ფონდისგან გადაეცემა რვა ათასი ლარი, რომელსაც პროექტში წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *